ვინ არიან სამოქალაქო პროცესში მონაწილე მესამე პირები?

[ 2016-07-09 ]

სასარჩელო წარმოების დროს ყოველთვის გვყავს ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე, მაგრამ ზოგჯერ პროცესში შესაძლოა შემოვიდეს მესამე პირი. ეს ისეთი პირია, რომელიც შემოდის მხარეთა შორის უკვვე დაწყებულ პროცესში თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ მესამე პირის არსი დავყოთ იგი ორ სახედ:

1.      მესამე პირები, რომლების აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, ანუ იმ საგანზე, რომელზეც უკვე აღძრულია დავა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სასამართლოში.

2.      მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, მაგრამ სურთ დაიცვან თავიანთი სხვა, იურიდიულად მნიშვნელოვანი ინტერესი.

განვიხილოთ პირველი, ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, უფლება აქვს შეიტანოს სარჩელი სასამართლოსში სანამ იგი მიიღებს გადაწყვეტილებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს და განიხილოს ეს სარჩელი ის უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რაც წაეყენება ჩვეულებრივ სარჩელს. თუ მოსამართლე მიიღებს სარჩელს, ეს სარჩელი და თავდაპირველი მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ერთდოულად. მაგალითი : სასამართლოში აღძრულია სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისგან გარკვეული ნივთის გადაცემას, იმ საფუძვლით, რომ იგი არის ამ ნივთის მესაკუთრე. გაიგო რა ამ სარჩელის აღძვრის შესახებ სხვა პირმა, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ნივთის მესაკუთრე თვითონაა, მიმართა სასამართლოს და განაცხადა თავისი დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე - კონკრეტულ ნივთზე. ამ შემთხვევაში ხსენებული სხვა პირი არის - მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

მესამე პირის მიერ სარჩელის შეტანას აქვს გარკვეული პირობები, რომელიც პირმა უნდა დაიცვას, რათა მოხდეს მისი სარჩელის განხილვა, ესენია  :

1.      პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით დავის საგანზე უნდა აღძრას სარჩელი, მხოლოდ იმ სასამართლოში, სადაც ეს დავა განიხილება.

2.      მესამე პირის სარჩელი მიმართული უნდა იყოს უშუალოდ დავის საგანზე ან მის ნაწილზე. სხვა საგანზე რა ახლოსაც არ უნდა იყოს იგი დავის საგანთან, მესამე პირის სარჩელი დაუშვებელია.

3.      მესამე პირის სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს მხარეთა პაექრობის დაწყებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უარს იტყვის მესამე პირის სარჩელის მიღებაზე, გამოიტანს განჩინებას ამის თაობაზე. განჩინების გასაჩივრება დაშვებულია კერძო საჩივრით.

მესამე პირებს, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე, აქვთ ყველა უფლება, რაც მოსარჩელეს გააჩნია და ეკისრებათ ყველა ვალდებულება, რაც ჩვეულებრივად მოსარჩელეს ეკისრება.

განვიხილოთ მესამე პირების მეორე სახე, ანუ მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. ისინი პროცესში შეიძლება ჩაერთონ თავიანთი ან დავაში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. მაშასადამე, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე. მხოლოდ პირის დაინტერესება  ჩაერთოს საქმეში მესამე პირად არარის საკმარისი, აუცილებელია საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ გავლენა იქონიოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიმართ.

დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჩართვა საქმეში ხდება დავის მონაწილე ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რომელიც სასამართლოს მიმართავს მოტივირებული განცხადებით. განცხადებაში უნდა იყოს მითითებული თუ კონკრეტულად რა გავნელა შეიძლება იქონიოს მესამე პირის უფლებებზე და მოვალეობებზე ამ საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ. ესეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. სასამართლო მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისთვის ჩაბმის ( გასაჩივრება დაუშვებელია) ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ (შესაძლოა გასაჩივრება გადაწყვეტილებასთან ერთად).

          რა საპროცესო უფლებები გააჩნიათ მესამე პირებს დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ?

მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მინიჭებული აქვს ყველა ის საპროცესო უფლება, რაც აუცილებელია მისი ინტერესების დასაცავად. მათ აქვთ იგივე უფლებები, რაც მხარეებს, გარდა ისეთი უფლებებისა, როგორიცაა: გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი ან/და მოითხოვონ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. ასეთ მესამე პირებს ასევე არ შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით ანდა შეიტანონ კერძო საჩივარი.

ესეთია სამოქალაქო პროცესში მონაწილე მესამე პირთა ინსტიტუტის არსი. ის იძლევა საშუალებას იმ პირთა უფლებების დასაცავად, რომელთა ინტერესებზე პოტენციური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილებას და იგი უზრუნველყოფს საქმის ოპერატიულად და სრულყოფილად გადაწყვეტას.მსგავსინსტიტუტს ინცობს ადმინისტრაციული სამართლის პროცესიც, რომელსაც მცირე თავისებურებანიახასიათებს, რასაც შემდეგ სტატიებში განვიხილავთ.

ნინო ჭოხონელიძე

“იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე”



პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge