დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ნაწილი II

[ 2016-06-17 ]

ჩვენ უკვე განვიხილეთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი საფუძველი -  სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაშიშესაგებლის წარუდგენლობა. წინამდებარე სტატიაში კი განვიხილავთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დანარჩენ საფუძვლებს, ასევე ვისუბრებთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობასა და გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმზე.

როგორც წინა სტატიაში ავღნიშნეთ, სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოქავს რამდენიმე საფუძვლით, განვიხილოთ პირველი საფუძველი - სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობა.

თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება მოპასუხე, მაგრამ არ გამოცხადდება მოსარჩელე (პირი ვინც აღძრა სარჩელი) სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაში თუ ერთდოულად არსებობს ორი პირობა. პირველი - მოპასუხემ უნდა იშუამდგომლოს, ანუ მოითხოვოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და მეორე - არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

რომელ დამაბრკოლებელ  გარემოებებზეა საუბარი ?

მხარის გამოუცხადებლობისდა მიუხედავად სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ :

ა)     გამოუცხადებელი მხარე არ იყო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით მოწვეული ( უწყების ჩაბარება) ;

ბ)     სასამართლოსთვის ცნობილია, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი           შეეშალა მხარის დროულად გამოცხადებისათვის. მაგალითად იყო მიწისძვრა, წყალდიდობა;

გ)     გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ანუ ის თუ როდის და რომელ                     სასამართლოში  უნდა გამოცხადებულიყო;

დ)     არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

თუ სახეზეა „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებში მითითებული გარემოება, სასამართლომ საქმის განხილვა სხვა დროისთვის უნდა დანიშნოს, ხოლო „დ“ პუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლომ უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება.

            განვიხილოთ შემთხვევა როდესაც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს გამოუცხადებლობის გამო მოპასუხე არ ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტიების გამოტანას? ასეთ შემთხვევაში სასამართლომ საქმე უნდა დატოვოს განუხილველად. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, მაშინ სასამართლომ საქმე სხვა დროისთვის უნდა გადადოს. გამოუცხადებელი მოსარჩელე თუ განმეორებით არ გამოცხადდება, სასამართლო მისივე ინიციატივით გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

            განვიხილოთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგი საფუძველი - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა.

            ზემოთხსენებული პირველი საფუძვლისგან განსხვავებით მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გვაქვს სხვა მექანიზმი. თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე და არა გამოცხადდა მოპასუხე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ან სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე

            დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გამოიტანს თუ არსებობს ერთდროულად 3 პირობა, ესენია :

1.     მოსარჩელის შუამდგომლობა, ანუ იგი ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას;

2.     არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოებელი გარემოებიები;

3.     სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას.

სავარაუდოდ იურიდიული განათლების არმქონე პირისთვის ბუნდოვანია თუ რას ნიშნავს მესამე პირობა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სარჩელში მითითებული გარემოებები სამართლებრივად დამტკიცებულია და კანონით არის გამართლებული. მაგალითად „ა“- მ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და ითხოვს კუთვნილი ავტომობილის გადაცემას, რომელიც „ბ“- სგან იყიდა. „ა“- მ სარჩელს დაურთო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მასა და „ბ“ - ს შორის დაიდო და თანხის  გადახდის ქვითარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე. მოსარჩელე არის - „ა“ და მოპასუხე - „ბ“. „ბ“ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და „ა“- მ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტიების გამოტანა. ვინაიდან მოპასუხე არ გამოცხადდა სხდომაზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები რომლის შესახებაც ზემოთ ავღნიშნეთ დამტკიცებულად ითვლება, თუმცა აღნიშნული ფაქტი მხოლოდ მაშინ ხდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი თუ იგიიურიდიულადამართლებდესდაგანაპირობებსმოთხოვნას. რადგან ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს „ა“- ს მოთხოვნას, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

ბოლო საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა, რომელიც არ განგვიხილავს არის - სხდომაზე ორივე მხარის გამოუცხადებლობა.

ორივე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მხარეებს სასამართლოს მიერ გაგზავნილი ჰქონდეთ შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით.

რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე და მის მიმართ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. ხანდაზმულობის ვადაა 10 დღე, ანუ  როდესაც პირს ჩაჰბარდება დაუსწრებელიგადაწყვეტილება მან 10 დღის ვადაში უნდა გაასაჩივროს იგი.

              ნინო ჭოხონელიძე

"იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე"

 



პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge