დაუსწრებელი გადაწყვეტილება - შესაგებლის წარუდგენლობა

[ 2016-06-11 ]

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს. სამოქალაქო საქმის განმხილველ სასამართლოს აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს გადაწყვეტილება სასამართლო პროცესის მონაწილე ერთ-ერთი ან ორივე მხარის დაუსწრებლად.

სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს შედეგ შემთხვევაში :

ა) სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობა;

ბ) სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა;  

გ) სასამართლო სხდომაზე ორივე მხარის გამოუცხადებლობა;

დ) მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა დადგენილ ვადაში.

საყურადღებოა ისიც, რომ გამოუცხადებლად ითვლება ის მხარეც, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

წინამდებარე სტატიაში განვიხლავთ ერთ-ერთ პრობლემატურ შემთხვევას, როდესაც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს მოპასუხის მიერ, შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში. 

სამოქალაქოსაპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელზედართული დოკუმენტების შესახებ. სასამართლოს უფლება აქვს განსაზღვროს შესაგებლის წარდგენისათვის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს - 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებისთვის - 21 დღეს. 

თუ მოპასუხე სასამართლოს მიერ დაგენილ ვადაში არ შეიტანს შესაგებელს და ეს გამოწვეული იქნება არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას. სხდომის ჩატარების შემთხვევაში კი მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

განვიხილოთ ზემაღნიშნული შემთხვევაზე ჰიპოთეთურ მაგალითზე:

„ა“-მ სარჩელი შეიტანა სამოქალაქო საქმეთა სასამართლოში და ითხოვს „ბ“-ს დაეკისროს „ა“-ს სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა. „ა“ წარმოადგენს მოსარჩელეს, ხოლო „ბ“ მოპასუხეს. სარჩელში „ა“-მ აღნიშნა, რომ ასესხა „ბ“-ს 1000 ლარი 1 თვით. ვინაიდან ერთი თვე გავიდა და „ბ“ თანხას არ უბრუნებს „ა“-ს მან მიმართა სასამართლოს. „ა“-მ სარჩელს დაურთოს სესხის ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს „ა“-ს მიერ სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. მას შემდეგ რაც სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ა“-ს სარჩელი, სარჩელი და მასზე დართული დოკუმენტები ჩააბარეს „ბ“-ს. „ბ“-მ ნახა, რომ სასამართლომ მას განუსაზღვრა 10 დღის ვადა, რათა მას შესაგებელი, რომელშიც მოცემული იქნებოდა „ბ“-ს პოზიცია, წარედგინა  სასამართლოსთვის. „ბ“-მ, ისე რომ არ ჰქონდა საპატიო მიზეზი, 10 კალენდარულ დღეში არ წარუდგინა სასამართლოს შესაგებელი. ათი კალენდარული დღის შემდეგ ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე რომ სასამართლოს არ დაუბარებია არც „ა“ და არც „ბ“, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ თქვენ ჩაგაბარებენ სარჩელს აუცილებელია კარგად გაეცნოთ მას და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, აუცილებლად წარუდგინოთ (სასამართლოს კანცელიარიაში ჩააბროთ) სასამართლოს შესაგებელი. გაითვალისწინეთ, რომ შესაგებელის შედგენა უნდა მოხდეს სპეციალური ფორმის შევსებით.

თუ სასამართლო  შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.

ესეთია შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები, შემდეგ სტატიაში განვიხილავთ ზემოხსნებულ დანარჩენ საფუძვლებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა, გასაჩივრებისა და ვისაუბრებთ თუ რა შემთხვევაში არ აქვს სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის უფლება.


                 ნინო ჭოხონელიძე

„იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე“

 

 



პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge