პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება

[ 2016-06-06 ]

სამწუხაროდ არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც პირი ყოვლად უმიზეზოდ უჩინარდება და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ასეთ დროს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე პირი შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

სასამართლო პირს უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია და იგი არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას 2 წლის მანძილზე. ხსენებული 2 წელი უნდა იყოს უწყვეტი და თუ პირი 2 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოჩნდება შეუძლებელი იქნება მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მოჰყვება გარკვეული სამართლებრივი შედეგები. კანონით მემკვიდრეებს წარმოეშვებად უფლებამოსილება, უკვალოდ დაკარგული ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის მიიღონ მისგან სარგებელი. ასეთი უფლების მინიჭება მემკვიდრეებისათვის არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ადგილი აქვს სამკვიდროს გახსნას, როგორც ეს ხდება მამკვიდრებლის გარდაცვალებისას. ამ შემთხვევაში (უკზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება) მემკვიდრეები ვერ იღებენ ქონებას მემკვიდრეობით და შესაბამისად ვერ ახდენენ მის გასხვისებას. გასათვალსიწნებელია ის გარემოება, რომ თუ არსებობდნენ პირები, რომლებსაც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი არჩენდა, ქონებიდან მათ მიეცემათ სარჩო. ასევე საყურადღეობოა, რომ ამ ქონებიდან უნდა დაიფაროს ვალები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირს გააჩნდა.

თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირი დაბრუნდა ან აღმოაჩინეს მისი ადგილსამყოფელი, ამ შემთხვევაში უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ, მაგრამ იგი ვერ მოითხოვს იმ სარგებლის მიღებას, რაც იქნა გამომუშავებული მეურნეობის სათანადო გაძღოლით.

სამოქალაქო კანონმდებლობა ასევე განამტკიცებს პირის გარდაცვლილად გამოცხადების პრეზუმციას. სასამართლოს წესით შეიძლება პირი გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ 5 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას და არ მოიპოვება ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ასევე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები 6 თვის განმავლობაში არ მოიპოვება. მაგალითად, მოხდა ავიაკატასტროფა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პირი ნამდვილად იქ იმყოფებოდა, მაგრამ უცობია ინფორმაცია მის გადარჩენაზე.

მსგავსად პირის გარდაცვალებისა, პირის გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ იხსნება სამკვიდრო და მემკვიდრეებს აქვთ უფლება სურვილისამებრ გამოიყენონ ქონება, ანუ პირის უგზო-უკვლოდ გამოცხადებისგან განსხვავებით აქვთ ქონების გასხვისების უფლებაც. ასევე წყდება პირის ქორწინება და ყველა უბლება თუ ვალდებულება, რასაც პირადი ხასიათი ქონდა, მაგალითად წყდება პენსიის მიღების უფლება.

თუ სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი საომარ მოქმედებაში უგზო-უკვლოდ დაიკარგება და ამ საომარი მოქმედებიდან გასულია 2 წელი, სასამართლომ შეიძლება იგი გარდაცვლილად გამოაცხადოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე.

პირის გარდაცვალების დღედ კი მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი დაბრუნდა? ამ შემთხვევაშიც სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას. პირს შეუძლია მოითხოვოს ის ქონება, რომელიც მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირს, მაგალითად გააჩუქეს უძრავი ქონება.

ის პირი, რომელმაც გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონება სასყიდლით შეიძინა, ვალდებულია დაუბრუნოს მას ეს ქონება, თუ დამტკიცდება, რომ ქონების შეძენისას მან იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო.

იმ შემთვევაში თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო ქონება, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება გადეცება სახელმწიფოს და იგი მოახდენს მის რელიზაციას, გარდაცვლილად გამოცხადებულის გამოჩენის შემდეგ პირს უნდა დაუბრუნდეს რეალიზაციით მიღებული თანხა.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები როდესაც მოქალაქეები ითხოვენ პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებას, რათა მის სახელზე რიცხული ქონება გაასხვისონ და ამით მიიღონ შემოსავალი. როგორც ვახსენეთ, ქონების გასხვისების უფლება ამ დროს მათ არ აქვთ. ასეთი უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ პირის გარდაცვლილად გამოცხადება. ასეთია პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადების მექანიზმი.


                ნინო ჭოხონელიძე

„იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე“






პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge