როგორ და რა შემთხვევაში ხდება სახელის ან/და გვარის შეცვლა ?

[ 2016-06-02 ]

სახელის თუ გვარის შეცვლა დღესდღეისობით საკმაოდ აქტუალური თემაა, ბევრს აინტერესებს თუ როგორია მათი შეცვლის მექანიზმი. ასერომ, თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე (მუდივად ცხოვრობთ საქართველოში და არ გაქვთ მოქალაქეობა) პირი და თქვენი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება გაქვთ შეიცვალოთ სახელი ან/და გვარი.

სახელის ან/და გვარის შეცვლისათვის უნდა მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს. არსებობს კანონით დაგდენილი გარკვეული პირობები, რომლებიც უნდა იყოს დაცული, რათა მოხდეს სახელის ან/და გვარის შეცვლა.

ვინაიდან დაბადებისას სახელი პირის სურვილის დამოუკიდებლად ირჩევა, ხშირია შემთხვევები, როდესაც პირს ზრდასრულ ასაკში აღარ მოსწონს საკუთარი სახელი და სურს მისი შეცვლა. საქართველოს კანონმდებლობით სრულწლოვან პირს უფლება აქვს თავისი სურვილისამებრ აირჩიოს და შეცვალოს სახელი, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. რაც შეეხება გვარის შეცვლას, პირს შეუძლია შეიცვალოს იგი და მიიღოს:

ა) პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი;

ბ) მშობელთა შეერთებული გვარი;

გ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;

დ) მშვილებლის გვარი;

ე) მეუღლის გვარი;

ვ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი, იმ შემთხვევაში, თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა.

ასევე შესაძლებელია პირმა სურვილისამებს მიიღოს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი ან აღიდგინოს ისტორიული გვარი.

რაც შეეხებათ არასრულწლოვნების სახელის ან/და გვარის შეცვლას, 16 დან 18 წლამდე დასაშვებია თვითონ პირის მოთხონით და მშობელთა თანხმობით. 16 წლამდე კი ხდება მშობელთა შეთანხმებით, ხოლო თუ ისინი ვერ თანხმდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებით. 10 წლამდე არასრულწოვნის გვარი შეიცვლება მშობლის გვარის შეცვლასთან ერთად, თუ მარტოხელა დედა შეიცვლის გვარს ან თუ მშობლებს სხვადასხვა გვარი აქვთ და ერთ-ერთი მშობელი, რომლის გვარსაც ატარებს ბავშვი შეიცვლის გვარს. თუ ბავშვს 10 წელი შესრულებული აქვს აუცილებელია მისი თანხმობა.

თუ პირი მხარდაჭერის მიმღებია სახელის ან/და გვარის შეცვლა შესაძლებელია მისი მოთხოვნით და მხარდამჭერის თანხმობით. ასევე, თუ პირი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა საჭიროა მისი მოთხოვნა და მზრუნველის თანხმობა.

რა მოიაზრება ზემოხსენებულ ისტორიული გვარის აღდგენაში ? თუ თქვენი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან თქვენი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ისტორიული გვარის აღდგენა. რა თქმა უნდა ამ ყოველივეს განსახორციელებლად საჭიროა იქონიოთ მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს თქვენი მოთხოვნის საფუძველს. სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას შესაძლოა საფუძვლად დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდიც.

საქართველოს კანონის (სამოქალაქო აქტების შესახებ) მიხედვით, პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნეს კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება დაკავშირებულია არათანაზომიერ ხარჯებთან ან ძალისხმევასთან. აქვე ყურადრება გამახვილებულია იმაზე, რომ გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ ზემოხსენებულ პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე დოკუმენტს პირი ფლობდა ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

ასევე, თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული გვარი, მისი სურვულისამებრ შესაძლებელია მას დაუდგინდეს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი ან სხვა გვარი, რომლითაც იგი სარგებლობდა ამ კანონის ამოქამედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. თუ გვარის დადგენა ვერ მოხდა ამ პროცედურით, მაშინ პირს შესაძლოა დაუდგინდეს თავისი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის სახელისგან ნაწარმოები გვარი მისთვის სასურველი დაბოლოვებით ან დაბოლოვების გარეშე.

კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ ამოქმედდა 2011 წლის 20 დეკემბერს

არის შემთხვევები, როდესაც სახელის ან/და გვარის შეცვლა დაუშვებელია:

1. თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ ან მრავალწევრიან სახელს.

2. თუ მეუღლეთა ან მშობელთა გვარების შეერთებებისას, ერთ-ერთი მათგანის გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი).

3. თუ პირი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ, მაშინ დაუშვებელია სახელის და გვარის, გვარის კანონიერად აღიარება და გვარის დადგენაც.

სახელის ან/და გვარის შეცვლის, ასევე გვარის დადგენგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების წარგდენის დღიდან 45 კალენდარულ დღეს. მომსახურების ფასი 45-ე დღეს შეადგენს 55 ლარს. შესაძლებელია პირის მოთხოვნით ვადა შემცირდეს 30, 15 ან 10 კალენდარულ დღეზე და შესაბამისად დაჩქარებული შესრულების შემთხვევაში საფასური იმატებს.

არსებობს ასევე შეღავათები, კერძოდ:

1. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან- იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები.

2. მომსახურების 10 % - ით გადახდისაგან თავისუფლდებიან სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის(ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“.

               ნინო ჭოხონელიძე

„იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე“ 






პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge