რა არის სარჩელის უზრუნველყოფა და რა შემთხვევაში ვიყენებთ მას ?

[ 2016-05-29 ]

სარჩელის უზრნველყოფა არის გადაწყვეტილების რეალურად აღსურელბისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხის მიერ თავისი ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვის გზით.

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს, შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კონპესირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ასევე დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიგაჩნიათ აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ თქვენი განცხადება საფუძვლიანია, იგი განცხადების შეტანიდან 1 დღის ვადაში გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მოპასუხისთვის შეუტყობინბლად.

საყურადღებოა, რომ სარჩელის უზრნუველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

პირს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფა ყადაღის დადებით მოითხოვოს, მაგალითად: „ა“ მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე „ბ“ ს მიმართ და მოითხოვა მისთვის ნასესხები თანხის გადახდის დაკისრება, ვინაიდან „ბ“ მ დაარღვია ნასესხები თანხის დაბრუნების ვადა, მან ასევე მოითხოვა „ბ“ ს საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის დადება იმის გამო, რომ მას ფული ისე ასესხა, რომ არ მოუთხოვია სესხის უზრუნველყოფა (გირავნობა ან იპოთეკა) და არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ „ბ“ მ თანხის გადახდის ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით შესაძლოა განზრახ, ფორმალურად გაასხვისოს თავისი ქონება, რათა შემდეგ სასამართო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიქცევა არ მოხდეს ამ ქონებაზე. განცხადებას ყადაღის დადების თაობაზე უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომელითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. თუ ზემოხსენებული ცნობა და დოკუმენტი არ ახლავს განცხადებას, ან სახელმწიფო ბაჟი არარის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში თუ არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი ფიზიკური პირისთვის შეადგენს - 50 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის - 150 ლარს, აქ საყურადღებოა ის, რომ ბაჟი გადაიხდევინება თითოეულ მოთხოვნაზე ცალ-ცალკე, მაგალითად თუ ფიზიკური პირი ითხოვს ყადაღის დადებას 2 უძრავ ქონებაზე, ბაჯი იქნება 2 ჯერ 50, ანუ 100 ლარი.

გარდა ყადაღის დადებისა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება, არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა სახეები:

1) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;

2) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის სახით;

3) სხვა პირისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცეს ქონება ან შეასრულოს მის მიმართ რაიმე ვალდებულება;

4) ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება;

5) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება;

6) სააღსრულებლო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახ“ კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.

სასამართლოს მოსარჩელეს მოთხოვნით ასევე შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებები (მაგალითად აუკრძალოს ქონების რეალიზაცია, ან იპოთეკით/გირაოთი დათვირთვა), ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში რამდენიმე ერთად. მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიტანება პროცესის ყველა სტადიაზე, მაგრამ ყველაზე შედეგიანია ის, რომელიც შეტანილია სასარჩელო განცხადებასთან ერთად, რადგან იგი საშუალებას იძლება დროულად დავიზღვიოთ თავი მოპასუხის მიერ ქონების რეალიზაციისგან ან სხვა არასასურველი მოქმედებისგან. გადაუდებელ შემთხვევაში განცხადება უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც. თუ ასეთ განცხადებას სასამართლო დააკმაყოფილებს, სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გააუქმებს სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებულ ღონისძიებას.

თუ სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფაზე იტყვის უარს, გააუქმებს მას ან ღონისძიების ერთ სახეს მეორეთი შეცვლის, იგი ამის თაობაზე გამოიტანს განჩინებას, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია მხარისთვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში. ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებამ შეიძლება გარკვეული ზიანი მიაყენოს მოპასუხეს, კანონი იცავს არამარტო მოსარჩელის, არამედ მოპასუხის ინტერესებსაც. მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს, როგორც მოპასუხის შუამდგომლობით, ისე სასამართლოს ინიციატივით. მოსარჩელემ 7 დღის ვადაში უნდა განახორციელოს მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდება. თუ მოსარჩელეს უარი ეთქვა უზრუნველყოფილ სარჩელზე, ან გაუქმდა ჯერ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფა ან უარი ეთქვა თვითონ სარჩელზე, მაშინ მოსარჩელე უნდა აუნაზღაუროს ზიანი მოპასუხეს, თუ იგი ამას მოითხოვს.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ მიიღებს, არ დააკმაყოფილებს ან განუხილველად დატოვებს სარჩელს, შეწყვიტავს საქმის წარმოებას ან მხარეები მორიგდებიან, იგი გააუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

ამგვარად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური და აღსრულებადი ხდება. აქედან გამომდინარე მისი დროული და სწორი გამოყენება სამართალწარმოებას უფრო ეფექტურს ხდის.

                 ნინო ჭოხონელიძე

„იურიდიული კომპანის გიორგი აბაშიძე“



პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge