მტკიცებულებათა უზრუნველყოფა

[ 2016-05-20 ]

საქართველოს სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. შესაბამისად, რომელიმე მხარის პოზიციის (მოთხოვნა, შესაგებელი) გამყარებსათვის მნიშვნელოვანია თუ რა მტკიცებულებების წარდგენას მოახერხებს მხარე ან მოიძიებს სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში. თუ თქვენ გაქვთ საფუძველი იფიქროთ, რომ თქვენთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეგიძლიათ სთხოვოთ სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა. იგი დასაშვებია, როგორც სასამართლოში საქმის აღძვრის შემდეგ, ისე სასამართლოში საქმის აღძვრამდეც.


მტკიცებულებათა უზრუნველყოფის აუცილებლობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული, რომელიც მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული მხარის განცხადებაში, მაგალითად, მოწმის წასვლა მივლინებაში, მოწმის ავადმყოფობა, ნივთიერ მტკიცებულებათა მალფუჭადობა და ა.შ. ანუ ისეთი შემთხვევები, როდესაც არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მტკიცებულებები განადგურდება ან დაიკარგება. განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით. ზეპირი ფორმით წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საქმის განხილვის დროს. როგორც წერილობით, ისე ზეპირ განცხადებაში უნდა აისახოს : ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია; ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი; გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ; დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი, სახელი და მისამართი.

თუ განცხადება შეტანილია სასამართლოში საქმის აღძვრამდე და განმცხადებელმა იცის, თუ ვინ შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე მხარე. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით სასამართლომ შეიძლება შეასრულოს სხვადასხვა მოქმედება, მაგალითად, დაათვალიეროს ნივთიერი მტკიცებულებები, დაკითხოს მოწმე. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სასამართლო მხარეებს ატყობინებს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის დროსა და ადგილს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებას. გადაუდებელ შემთხვევაში მტკიცებულებათა უზრუნველყოფა შეიძლება მოხდეს მხარეთა შეუტყობინებლადაც, მაგალითად, თუ სახეზეა მოწმის მძიმე დაავადება.

საპროცესო კანონმდებლობით მხარეებს, იმისდა დამოუკიდებლად, მონაწილეობენ თუ არა ისინი მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში, უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მიუთითონ იმ ხარვეზებზე, რომლებსაც მათი აზრით, ადგილი ჰქონდა უზრუნველყოფის დროს. საქმის განხილვის დროს სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მტკიცებულებათა დამატებითი ან განმეორებითი უზრუნველყოფა.

თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა ხდება სასამართლოში საქმის აღძვრამდე, მაშინ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს იმ რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, ან იმ რაიონის (ქალაქის) მაგისტრატ მოსამართლეს, რომლის ტერიტორიაზეც უნდა შესრულდეს საპროცესო მოქმედება უზრუნველყოფის მიზნით, ანუ იმ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება უზრუნველსაყოფი მტკიცებულება. ოქმები და ყველა უზრუნველყოფის წესით შეკრებილი მასალა შემდგომ გადაეგზავნება საქმის განმხილველ სასამართლოს.

ზოგადად, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. ხარჯებში მოიაზრება სპეციალისტისათვის მისაცემი ხარჯები, მგზავრობისა თუ ფოტოგადაღების ხარჯები და სხვა. ამ ხარჯებს იხდის პირი, რომელმაც მოითხოვა მტკიცებულებათა უზრუნველყოფა. მოწინააღმდეგე მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ კი ამ ხარჯების გადანაწილება მოხდება სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.

მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის გასაჩივრებაც დაუშვებელია, ხოლო განჩინებაზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის უარის თქმის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

              ნინო ჭოხონელიძე

„იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე“ 


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge