რას ნიშნავს სავალდებულო წილი სამკვიდროდან ?

[ 2016-05-18 ]

როგორც მოგეხსენებათ, მოანდერძეს გააჩნია ფართო უფლებამოსილება სამკვიდრო ქონების განკარგვის სფეროში, იგი არა მარტო ირჩევს მემკვიდრეს, არამედ მასზე გადასაცემი ქონების ოდენობასაც საზღვრავს. ანდერძის თავისუფლების ერთგვარ შეზღუდვას წარმოადგენს სავალდებულო წილი, რომელიც ჩვენი დღევანდელი სტატიის განსახილველი თემაა.

სავალდებულო წილში მოიაზრება სამკვიდროს იმ ნაწილის ნახევარი, რომელიც  შვილებს, მეუღლეს ან/და მშობლებს,კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა იმ შემთხვევაში თუ არ იარსებებდა ანდერძი. სავალდებულო წილი უნდა განისაზღვროს არა მარტო ანდერძში მითითებული, არამედ ანდერძის გარეთ დარჩენილი ქონებიდანაც. მაგალითად თუ მოანდერძემ სამკვიდრო ქონების ნაწილი- 2000 ლარი დაუტოვა მის დას, დანარჩენ 2000 ლარზე არაფერი თქვა ანდერძში, ხოლო კანონისმიერი მემკვიდრეებიდან დარჩენილია მხოლოდ 1 შვილი, ამ შემთხვევაში შვილის სავალდებულო წილი იქნება მთლიანი სამკვიდროს 4000 ლარის ნახევარი ანუ 2000 ლარი.

სავალდებულო წილის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია კანონისმიერ მემკვიდრეთა რაოდენობა, მაგალითად ზემოხსენებულ კაზუსში სახეზე, რომ ყოფილიყვნენ მემკვიდრეებად შვილიც და მეუღლეც,  4000 ლარიდან თითოეული მიიღებდა 1000 ლარს, ანუ იმის ნახევარს, რასაც ანდერძის გარეშე მიიღებდნენ. რაც უფრო დიდია სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა წრე, მით უფრო ნაკლები ქონება ერგება თითოეულს.

თუ მამკვიდრებელი ქონებას სიცოცხლეში გადასცემს სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს და მიუთითებს, რომ მიღებული ჩათვალოს სავალდებულო წილში, მაშინ ამ პირის სავალდებულო წილის გამოთვლისას  ასეთი ქონების ღირებულება ჩაითვლება სავალდებულო წილის ანგარიშში.

შესაძლებელია მოანდერძემ ქონება დაუტოვოს ანდერძით ისეთ პირს, მაგალითად შვილს, რომელსაც სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება აქვს. იმ შემთხვევაში თუ ასეთი ქონება არის იმ წილის ნახევარზე ნაკლები, რომელსაც იგი კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა, მემკვიდრეს შეუძლია მოითხოვოს ის დარჩენილი ნაწილი, რომელსაც სავალდებულო წილით მიიღებდა. მაგალითად, თუ პირს სავალდებულო წილით 300 ლარი ეკუთვნოდა და ანდერძით მიიღო 200 ლარი, მას შეუძლია მოითხოვოს დარჩენილი 100 ლარი.

არსებობს სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის გამოთვლის განსხვავებული წესი, რომელიც გამოიყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც მამკვიდრებელს ანდერძის შედგენის შემდეგ აქვს გაჩუქებული ქონება სხვა პირზე. თუ მოანდერძემ ანდერძის შედგენის შემდეგ გააჩუქა 1000 ლარის ღირებულების ქონება, დარჩენილი სამკიდროს მოცულობა კი შეადგენს 2000 ლარს, სავალდებულო წილი უნდა იქნეს გამოთვლილი 3000 ლარიდან. ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ ამ საფუძვლით შესაძლებელია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. გასათვალისწინებელია ხანდაზმულობის ვადაც, რომელიც 10 წელს შეადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1378 მუხლში პირდაპირაა მითითებული, რომ საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის საჩუქრის გადაცემიდან 10 წელია გასული.

საყურადღებოა ასევე, საანდერძო დანაკისრის დროს სავალდებულო წილის ბედი. კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული, რომ  პირს, რომელიც საანდერძო დანაკისრის მიმღებია და თან სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების მატარებელიც, შეუძლია უარი თქვას საანდერძო დანაკისრზე და სრულად მიიღოს სავადებულო წილი. იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს არ იტყვის დანაკისრზე, მას ექნება უფლება მოითხოვოს ქონების ის ნაწილი, რომელიც საანდერძო დანაკისრს აღემატება სავალდებულო წილის ფარგლებში. უკეთ რომ გავიგოთ განვიხილოთ მინი კაზუსი. მაგალითად, თუ საანდერძო დანაკისრით „ა“ იღებს 200 ლარის ღირებულების ქონებას, ხოლო სავალდებულო წილის ქონების ღირებულება წარმოადგენს 500 ლარს, „ა“ მიიღებს სავალდებულო დანაკისრს მთლიანად და სავალდებულო წილიდან მხოლოდ 300 ლარს, ანუ იმ თანხას, რითიც საანდერძო დანაკისრი ნაკლებია სავალდებულო წილზე.

სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს ასევე შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას, არამედ სავალდებულო წილი, რომელიც მას ეკუთვნოდა გადანაწილდება ანდერძით მემკვიდრეებს შორის, ვინაიდან მემკვიდრეს არ აქვს უფლება სხვა არანდერძისმიერი მემკვიდრის სასარგებლოდ თქვას უარი კუთვნილ წილზე.  ანალოგიური მდგომარეობაა, ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრეს ჩამოერთმევა სავალდებულო წილის მიღების უფლება. უფლების ჩამორთმევა უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ სასამართლოში მიმართვის საფუძველზე(მის სიცოცხლეში) ან სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნით(მოანდერძის გარდაცვალების შემდგომ). ჩამორთმეული წილიც გადანაწილდება სხვა ანდერძით მემკვიდრეებზე.

აუცილებელია დაცული იყოს სავალდებულო წილის მიღებისა ან მიღებაზე უარის თქმის ვადები. წილის მიღება ან მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმისათვის დადგენილ დროში. სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განავლობაში, უარის თქმა კი მემკვიდრეს შეუძლია 3 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. სასამართლომ ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს კიდევ 2 თვით საპატიო მიზეზის არსებობისას.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან (მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე) და ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.

 იმისათვის, რომ ანდერძის აღსრულებისას არ შეიქმნას პრობლემები, ანდერძის დადასტურებისას აუცილებელია მოანდერძეს განემარტოს სავალდებულო წილის ინსტიტუტის შესახებ და ეს ყოველივე აისახოს კიდეც ანდერძში. ძალიან ბევრმა ფიზიკურმა პირმა შეიძლება არც იცოდეს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სავალდებულო წილის ინსტიტუტს, ან  თავად იყოს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების მქონე. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საჭიროა საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირება და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უფლებების დარღვევა. 

 

ნინო ჭოხონელიძე

„იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე“



პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge