რა შემთხვევაში ვთავისუფლდებით სასამართლო ხარჯების გადახდისაგან?

[ 2016-05-17 ]

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუ რა ძირითად ხარჯებთან არის დაკავშირებული საქმის განხილვა სასამართლოში, ასევე განვიხილეთ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებისა და შემცირების მექანიზმი. წინამდებარე სტატიაში მინდა განვიხილო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების საკითხი. მხარეთა თანასწორობის შენარჩუნებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით კანონმდებლობა ითვალისწინებს შეღავათებს იმ პირთათვის, რომელთა მატერიალური მდგომარეობა მათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალებას არ აძლევს.

სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ. გადახდისაგან განთავისუფლება შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხებისაგან, ასეთი თანხების კატეგორიას კი განეკუთვნება სახემწიფო ბაჟი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46 მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელები :

· ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე, ჯანმრთელობის დაზიანების თუ მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე;

· დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელზე და არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

· „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.

მხარეები თავისუფლდებიან :

· უკანონო მსჯავდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირუებულ სარჩელებზე.

· მხარეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

· მხარეები წინასწარი გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესებით გასაჩივრებისას და მხარეები არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან ბაჟის გადახდისაგან. ზემოთხსენებული ჩამონათვალი არარის ამომწურავი, ვინაიდან სასამართლო ხარჯებისაგან განთავისუფლების სხვა შემთხვევებს ითვალისწინებს „სახელმწიფო ბაჯის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად სახელმწიფო ბაჯის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები სარჩელებზე საავტორო უფლებების შესახებ, სოციალური დაზღვევის ორგანოები რეგრესულ სარჩელებზე, საქართველოს ეროვნული ბანკი - ყველა სარჩელზე. ჩამონათვალს სრულყოფილად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/93718

გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი, სასამართლო ხარჯებისაგან განთავისუფლების უფლებას ანიჭებს სასამართლოს. იმისათვის, რომ სასამართლომ მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც განგათავისუფლოთ ხარჯების გადახდისაგან, თქვენ უნდა დაასაბუთოთ სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობა, წარადგინოთ უტყუარი მტკიცებულებები და შეუქმნათ მოსამართლეს შინაგანი რწმენა, თქვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რის თაობაზეც იგი გამოიტანს მოტივირებულ განჩინებას. ამასთანავე პირის განთავისუფლება შეიძლება მხოლოდ ისეთი სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს. აქედან გამომდინარე, მხარე არ შეიძლება განთავისუფლდეს ისეთი ხარჯების გადახდისაგან, რომლებიც მან ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს. ასევე ყურადადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი (სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ) ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებაში კოდქსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება და არა გადახდისაგან სრულად გათავისუფლება.

ამგვარია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების მექანიზმი. თუ გაინტერესეთ რა შემთხვევაში ხდება სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან/და შემცირება, იხილეთ სტატია: „ როდის შეგვიძლია მოვითხოვოთ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან/და მათი ოდენობის შემცირება“ .

                ნინო ჭოხონელიძე

იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge