როდის შეგვიძლია მოვითხოვოთ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან/და მათი ოდენობის შემცირება?

[ 2016-05-11 ]

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული საქმის განხილვა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, რომელთა უდიდეს ნაწილს სახელმწიფო კისრულობს: დაწყებული მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მუშაკთა ხელფასებითა და დამთავრებული მათი სხვა სახის მატერიალურ-ტექნიკური უზრნუველყოფით. სასამართლო ხარჯებს, რომლის წრე კანონით ზუსტადაა განსაზღვრული,  იხდიან მხარეები.

სასამართლო ხარჯებს მიეკუთვნება: სახელმწიფო ბაჟი, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისათვის, თარჯიმნად მოწვეული პირისათვის გადასახდელი თანხები, ადგილობრივ დათვალიერებაზე გაწეული ხარჯები, მოპასუხის მოძებნის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული, ადვოკატის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი ხარჯები, სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები და სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

სამწუხაროდ, კანონი სახელმწიფო ბაჟის საკმაოდ მაღალ განაკვეთებს აწესებს, რაც სასამართლოსადმი მიმართვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. ეს კი ეწინააღმდეგება საერთაშორისო პაქტებითა და კონვენციებით განმტკიცებულ პრინციპს, რომლის თანახმად სასამართლოში მიმართვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა პირისათვის. ზემოთ სხენებული ბაჟის სიდიდეს თავისი დადებითი მხარეც აქვს, კერძოდ ის, რომ ამით ერთგვარად აღკვეთილია სასამართლოში აშკარად დაუსაბუთებელი სარჩელების აღძვრა. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო ხარჯები, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ სასამართლოს ინიციატივით ხდება ასეთი მოქმედების შესრულება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად. რაც შეეხებათ იმ პირებს, რომლებსაც მატერიალური მდგომარეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალებას არ აძლევს, უფლება აქვთ მოითხოვონ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან/და შემცირება. ამგვარი შეღავათის მიღებისთვის კი აუცილებელია შესაბამისი მატერიალური მდგომარეობის დამტკიცება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, პროცესში მონაწილე მხარეებს, მათი ქონებრივი მდოგამარეობიდან გამომდინარე, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს ხარჯების გადახდის გადავადების და მათი ოდენობის შემცირების თაობაზე. იმისთვის რომ ზემოთ ხსენებული მოთხოვნა იყოს კანონიერი, აუცილებელია მხარემ სასამართლოს წარუდგინოს „უტყუარი მტკიცებულებები“, ანუ ის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ პირის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას. სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, რომ მას არ შეუძლია კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მაგალითად, თუ თქვენ არ ხართ დასაქმებული, წარმოადგენთ  მარტოხელა დედას და ამის დამამტკიცებელ საბუთებს წარუდგენთ სასამართლოს, რომელსაც დაარწმუნებთ  საბუთების უტყუარობაში, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ თქვენ ხარჯები შეგიმცირდებათ ან/და გადაგივადდებათ.

სასამართლო ხარჯების შემცირება თუ გადავადება ყოველთვის სასამართლოს შეხედულებაზე არ არის დამოკიდებული, არსებობს კანონით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია შეამციროს ან/და გადაავადოს სასამართლო ხარჯების ოდენობა. კერძოდ, საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილით, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ასევე ვრცელდება მოპასუხეზეც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.  რაც შეეხება ბაჟის შემცირებას, ამავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მოპასუხებ ცნო სარჩელი, მხარეები მორიგდნენ.

კანონმდებლობაში გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევები, როდესაც პირს უბრუნდება მის მიერ გადახდილი ბაჯის ნაწილი. საპროცესო კოდექსის მიხედვით მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჯის 70 % თუ : ა) სასამართლო სარჩელს განუხილველად დატოვებს მთავარი სხდომის დანიშვნამდე, ბ) საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, გ)  სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება.

ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს ეხება. საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ასეთ დროს ბაჟის ოდენობა განისაზღვრება დავის საგნის იმ ნაწილის ფასის მიხედვით, რომელზეც უარს არ ამბობს მოსარჩელე, ან არ ცნობს მოპასუხე.

სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებასა და შემცირებასთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლებას, რომელიც ხდება კანონის ძალით და სასამართლოს მიერ. თუ რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, განვიხილავთ შემდეგ სტატიაში.

              ნინო ჭოხონელიძე

 „იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე“



პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge