24 კვირის ორსული დეკრეტულ შვებულებაში ვერ გავა!

[ 2014-05-22 ]

საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები რომლებიც  განსაკუთრებულად საინტერესო იქნება მათთვის ვინც დედობისთვის ემზადება. კანონში შესული ცვლილებები, სამწუხაროდ, საშუალებას არ აძლევს მომავალ დედებს ისარგებლონ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით ორსულობის 26-ე კვირამდე. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დეკრეტული შვებულებით სარგებლობის საფუძველია საავადმყოფო ფურცელი, რომელიც ამავე მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად  სწორედ ორსულობის 26-ე კვირიდან გაიცემა. 
მოქმედი შრომის კანონმდებლობის თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 730 კალენდარული დღის ოდენობით ამასთან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე. მოცემულ პერიოდში საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით დამსაქმებელი დასაქმებულთან აჩერებს შრომით ხელშეკრულებას, რაც არ იწვევს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, აღნიშნული შვებულება ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სახელმწიფო დახმარების ანაზღაურების წესი დადგენილია საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო  შვებულების პერიოდზე გასაცემი დახმარების ოდენობა წარმოადგენს არაუმეტეს 1000 ლარს. მოცემული დახმარება გაიცემა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ. 
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე გაცემული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ყურადღება გვინდა გავამახვილოთ საავადმყოფო ფურცელზე, რომელიც გაიცემა მეანგინეკოლოგის მიერ (თუ ასეთი არ არის – მკურნალი ექიმის მიერ) ერთდროულად 183 კალენდარული დღით. 
აღნიშნული საკითხის ახალი რეგულაცია ორსულობის დროს საავადმყოფო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით, როგოც ავღნიშნეთ დარეგულირდა საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, რომლის მიხედვითაც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს ორსულობის 26-ე კვირიდან. ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს ორსულობის 26-ე კვირამდეც. 
შესაბამისად, ახალი რეგულაციიდან გამომდინარე შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება თუკი პიროვნების მიერ სოციალური დახმარების სააგენტოში წარდგენილი იქნება სამედიცინო ცნობა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ გაიცემა ორსულობის 26-ე კვირიდან. 
მიგვაჩნია, რომ მოცემული ბრძანება გარკვეულწილად ეწინააღმდეგება არსებულ შრომის კანონმდებლობას, რადგან შრომის კოდექსი საშუალებას აძლევს მომავალ დედებს თავიანთი სუვილისამებრ შეარჩიონ დეკრეტული შვებულების პერიოდი, და თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილონ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. პრაქტიკაში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ განხილული თემის ახალი რეგულაცია გარკვეულ პრობლემებს ქმნის შრომითი ურთიერთობაში და მხარეებს ხშირ შემთვევაში შრომითი ურთიერთობის დარეგულირება უწევთ შრომითი კოდექსის სხვა ინსტიტუტების გამოყენებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ  განხილული საკითხი მოითხოვს ცვლილებას, ვინაიდან გარკვეულეწილად მასზე არის დამოკიდებული დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაც.

                      ანი ნადარეიშვილი
„იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე“



პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge