შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა საქართველოს შრომის კოდექსის პროექტის მიხედვით

[ 2013-03-01 ]

როგორც უკვე შეიტყვეთ ჩვენი გვერდის მეშვეობით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ იქნა შრომის კოდექსის პროექტი, რომელიც საპარლამენტო მოსმენებისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შესაძლოა მიღებული იქნეს დღესდღეობით მოქმედი შრომის კოდექსის მაგივრად.

ჩვენ კვლავ მოგაწოდებთ ინფორმაციას იმ შესაძლო ცვლილებების თაობაზე, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში.

 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც განხორციელდება აღნიშნული კოდექსით, ეხება შრომითი ხელშეკრულების ვადას.

ისევე როგორც მოქმედი შრომის კოდექსი, ასევე შრომის კოდექსის პროექტიც ითვალისწინებს წერილობით ან ზეპირი ფორმებით დადებულ ხელშეკრულებებს, მათ დადებას განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულლების ვადით. ამ კონკრეტულ საკითხს არ შეხებია რაიმე განსაკუთრებული ცვლილება. თუმცა კოდექსის პროექტი გვთავაზობს საკმაოდ მნიშვნელოვან ნორმას, რომელიც ზღუდავს განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების დადებას, გარდა გარკვეული შემთხვევებისა. ეს შემთხვევებია:

  1. კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულება;
  2. სეზონური სამუშაო;
  3. სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდა;
  4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არყოფნისას დასაქმებულის ჩანაცვლება;
  5. სხვა ობიექტური გარემოებები.

გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა, დამსაქმებელს შრომის კანონპროექტის მიხედვით, აღარ ექნება უფლება დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით.

თუმცა შრომის კოდექსის ახალი პროექტი არ ართმევს დამსაქმებელს უფლებას, გამოსაცდელი ვადით გაუფორმოს ხელშეკრულება კანდიდატს. მსგავსი, გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულება შესაძლოა დაიდოს მხოლოდ ერთხელ გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იქნას გაფორმებული წერილობით. გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების უპირატესობას დამსაქმებლისათვის წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ დამსაქმელებს უფლება აქვს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება.

 თათია გაწერელია


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge