სამუშაო დროის ხანგრძლივობა საქართველოს შრომის კოდექსის პროექტის მიხედვით

[ 2013-02-15 ]

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ იქნა შრომის კოდექსის პროექტი, რომელიც საპარლამენტო მოსმენებისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შესაძლოა მიღებული იქნეს დღესდღეობით მოქმედი შრომის კოდექსის მაგივრად.

შემოგთავაზებთ იმ შესაძლო ცვლილებებს, რომელიც შესაძლოა გატარდეს აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც განხორციელდება აღნიშნული კოდექსით, ეხება სამუშაო დროის ხანგრძლივობას.

დღესდღეობით მოქმედი შრომის კოდექსი ითვალისწინებს, რომ კვირაში სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა გახლავთ  41 საათი (მ.14), მაგრამ დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულებით სხვა  საათობრივი გრაფიკის შემუშავებაც შეუძლია. პროექტის მიხედვით კი გათვალისწინებულია შემდეგი: დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს და მას აღარ ეძლევა უფლება სხვა რამ გაითვალისწინოს შრომითი ხელშეკრულებით. 

            პროექტში ასევე საინტერესო ცვლილება ეხება ზეგანაკვეთურ სამუშაოს. შრომის კოდექსის პროექტის მე-17 მუხლის მიხედვით ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დამსაქმებლის მოთხოვნით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობაც აღემატება კვირაში 41 საათს.

            აღსანიშნავია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო შრომის კოდექსის პროექტის თანახმად, გარკვეულ შემთხვევებში იქნება ანაზღაურებადი, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში - არაანაზღაურებადი.

ანაზღაურებადი იქნება ზეგანაკვეთური სამუშაო:

1.      თუკი პირის შრომის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 48 საათს. (თუმცა მხარეთა შეთანხმებით შესაძლოა გადაწყდეს, რომ 41 საათს გადაცილებულ ყოველ საათზე იქნას გაცემული დამატებითი ანაზღაურება)

2.     საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის

არაანაზღაურებადი იქნება ზეგანაკვეთური სამუშაო:

1.       რომელსაც პირი ასრულებს სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის;

2.      ზეგანაკვეთური სამუშაო, რომელიც მოიცავს კვირაში სამუშაო საათების 41 საათიდან 48-მდე პერიოდს.

            ასევე საინტერესო მუხლი (18პრიმა) დაემატება კოდექსს არასრულწლოვნების შრომითი საქმიანობის შესახებ. ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისა და შრომის მძიმე მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულის სამუშაო დროსი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს კვირაში.

ახალი კოდექსი გვთავაზობს  14-დან 16 წლამდე არასრულწლოვნების სამუშაო დროის ხანგრძლივობის მაქსიმუმ ლიმიტსაც, რაც შეადგენს 24 საათს კვირაში.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტატია მომზადებული არის შრომის კოდექსის პროექტის იმ ვერსიის ანალიზით, რომელიც გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული პუნქტები მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, თუკი პარლამენტი მიიღებს მას იმავე სახით, რაც გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში.

 

ავტორი: თათია გაწერელია


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge