საქორწინო ხელშეკრულება

[ 2011-06-14 ]

როგორც უკვე ავღნიშნე კანონმდებლობა არეგულირებს როგორც თითოეული მეუღლის ქონების საკუთრების, ასევე ორივე მეუღლის ქონების თანასაკუთრების წარმოშობის საკითხებს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მეუღლეებს ქონებაზე დადგენილი წესებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების თავისი ინტერესების მიხედვით შეცვლა სურთ. ასეთ შემთხვევაში მათ შესაძლებლობა ეძლევათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შეუძლიათ შეცვალონ  საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი, ასევე გააერთიანონ მთელი თავისი ქონება, აგრეთვე მთლიანად ან ნაწილობრივ  უარი თქვან ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.  საქორწინო ხელშეკრულების დადება შეიძლება როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. ხელშეკრულებით შესაძლებელია განისაზღვროს შემოსავლებში მონაწილეობის პირობები და თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი.

საქორწინო ხელშეკრულება დადასტურებული უნდა იქნეს ნოტარიულად და იგი შესაძლებელია დაიდოს როგორც ქორწინების განმავლობაში ასევე ქორწინების რეგისტრაციამდეც, თუმცა ასეთ დროს გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქორწინო ხელშეკრულების დადებით მეუღლეები თვითონ საზღვრავენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს, არსებობს გარკვეული საკითხები (მოვალეობები), რომელთა შეცვლაც საქორწინო ხელშეკრულებით დაუშვებელია:

1.     მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა;

2.     შვილების მიმართ საალიმენტო მოვალეობანი;

3.     დავის შემთხვევაში - სასამართლოში მიმართვის უფლება;

4.     საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.

საქორწინო ხელშეკრულების შეცვლა ან შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. სხვა შემთხვევაში საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას. ასევე, დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.

   რუსო პატიაშვილი


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge