მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა

[ 2011-06-16 ]

მეუღლეებს, როგორც ქორწინებაში ყოფნის პერიოდში, ასევე განქორწინების შემდეგაც, ერთმანეთის მიმართ გარკვეული უფლება-მოვალეობების შესრულება ეკისრებათ. ერთ-ერთ ასეთ მოვალეობას წარმოადგენს ერთმანეთისათვის მატერიალური დახმარების გაწევა. მეუღლეები ვალდებულნი არიან ფინანსურად დაეხმარონ ერთმანეთს ქორწინებაში ყოფნის განმავლობაში, აგრეთვე იმ შემთხევაშიც, თუ ერთ-ერთი მეუღლე შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე ან განქორწინების დღიდან ერთი წლის განმავლობაში  და  საჭიროებს მეორე მეუღლისგან დახმარებას.

განქორწინების შემდეგ სარჩოს მიღების უფლება აგრეთვე აქვს ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.

განქორწინებული მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება მოისპობაიმ შემთხვევაში, თუ სარჩოს მიმღები მეუღლე აღარ საჭიროებს დახმარებას, ბავშვის დაბადებიდან გასულია სამ წელზე მეტი ან თუ სარჩოს მიმღები მეუღლე ხელახლა დაქორწინდა.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს მეუღლე რჩენის მოვალეობისაგან ან განსაზღვრული ვადით შეცვალოს ეს მოვალეობაქვემოთ აღნიშნული ერთ–ერთი გარემოების არსებობის შემთხვევაში:

1.      მეუღლეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ ხანმოკლე დროით;        

2.      მატერიალური დახმარების მომთხოვნმა მეუღლემ უღირსი საქციელი ჩაიდინა სარჩოს გადამხდელის მიმართ;

3.      მატერიალური დახმარების მომთხოვნი მეუღლის შრომისუუნარობა გამოწვეულია ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით ან მის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენით.

მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხით. სარჩოს ოდენობის განსაზღვრა წარმოებს მეუღლეების ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში კი ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, მეუღლეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ერთ-ერთი მეუღლის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლისშემთხვევაში თითოეულ მეუღლეს  უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს სარჩოს ოდენობის შეცვლის შესახებ.


რუსო პატიაშვილი


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge