2016 წლის 1 ივნისიდან „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესი“ ამოქმედდება

საქართველოს მთავრობამ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეიმუშავა დადგენილება - „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესი“. იგი 2016 წლის 22 აპრილს დამტკიცდა და ამავე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

          რას ეხება ცვლილება და რამ გამოიწვია ის ?

         ზემოთხსენებული დადგენილება განსაზღვრავს ადამიანის ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების ( შემდგომში ორგანოს) ექსპორტისა და იმპორტის წესს, ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიზნით. ტრანსპლანტაცია ადამიანის სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვას ნიშნავს, რითიც ავადმყოფი ორგანო ჯანმრთელით ნაცვლდება. იგი ხდება როგორც ცოცხალი დონორებისაგან, ასევე გვამური დონაციის გამოყენებით.  ადამიანის ორგანოების გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) ერთ-ერთი მაღალი რისკის მატარებელი სამედიცინო საქმიანობაა, ვინაიდან საქმე ეხება ადამინის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, მთავრობამ გადაწყვიტა მაქსიმალურად დაარეგულიროს ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის საკითხი და აღმოფხვრას ყველანაირი ხარვეზი, რაც საუბედუროდ დღესდღეისობით არსებობს.

             ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც კლინიკებს ისე ჩამოჰყავთ დონორები, მიჰყავთ პაციენტები და აკეთებენ გადანერგვის ოპერაციებს, რომ მთავრობას, კერძოდ, ჯანდაცვის უწყებას, საქმის კურსში არ აყენებენ, რაც მიუღებელია ტრანსპლანტაციის მაღალი რისკიდან გამომდინარე. როგორც  ჯანდაცვის მინისტრმა - დავით სერგეენკომ განაცხადა, ზემოთხსენბული პრობლემები გამოწვეულია იმ შეუსაბამობების გამო, რომელიც „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებას (სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ) შორის არსებობდა. საუბარია იმაზე, რომ კანონის მიხედვით სამედიცინო დაწესებულებას გააჩნდა ვალდებულებები. კერძოდ:  ა) ვალდებულება შეატყობინოს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებას იმ პაციენტის შესახებ, რომელიც პოტენციური დონორია ბ)შეათანხმოს ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრთან ისეთი შემთხვევა, როდესაც ორგანოს  გადანერგვის შემდგომი ფუნქციონირების ხარისხი დამოკიდებულია მისი შენახვის ხანგრძლივობაზე. ხოლო დადგენილებაში, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ, რომელიც 2010 წელს დამტკიცდა, საერთოდ იყო საუბარი მსგავსი სახის ვალდებულებებზე.

          სწორედ ამ შეუსაბამობამ გამოიწვია „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის“ შემუშავება, სადაც დეტალურად არის განმარტებული თუ რა ვალდებულებები აკისრია სამედიცინო დაწესებულებას ორგანოთა ტრანპლატაციის დროს და რა წესი უნდა დაიცვას მან, რათა ყოველივე შეასრულოს კანონის ფარგლებში. დადგენილების მიხედვით, როდესაც კლინიკა გადაწყვეტს ორგანოთა იმპორტირებას, იგი ვალდებულია თანხმობის მიღების მიზნით განაცხადი წარადგინოს სამინისტროში. განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმ ორგანოთა სახეობის თაობაზე, რომლის იმპორტსაც გეგმავს და იმ აუცილებელ გამოკვლევათა შესახებ, რომლებიც თან უნდა ახლდეს თითოეული სახის ორგანოს. საქართველოდან ორგანოთა ექსპორტი კი დასაშვებია მხოლოდ ტრანსპლანტაციის ბანკის მეშვეობით, სამინისტროს წერილობითი თანხმობით , ტრანსპლანტაციის ბანკი წარმოადგენს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებას. ორგანოთა ექსპორტის თაობაზე წერილობითი თანხმობის მიღების მიზნით, სამედიცინო დაწესებულება განაცხადს წარადგენს ჯანდაცვის სამინისტროში.

         ვიმედოვნებთ, რომ „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის“ წესის დამტკიცებით ზემოთხსენებული ხარვეზები აღმოიფხვრება და ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიცაა ორგანოთა გადანერგვა საქართველოში, მსგავსად სხვა ქვეყნებისა მკაცრად დარეგულირდება.

   დადგენილების სანახვად ეწვიეთ შემდეგ ბმულს  https://matsne.gov.ge/ka/document/view/3265775

                    ნინო ჭოხონელიძე

 „იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე“


2017-07-25
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის სასჯელი მკაცრდება

2016-06-17
ვებ გვერდს პუბლიკაციებში დაემატა სტატია დაუსრებელი გადაწყვეტილების შესახებ

2016-06-06
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ ხდება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება

2016-06-02
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ და რა შემთხვევაში ხდება სახელისა ან/და გვარის შეცვლა.

2016-05-18
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა ნინო ჭოხონელიძის სტატია სავალდებულო წილთან დაკავშირებით.

სიახლეების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge