საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის კომენტარი

 

შემოსავლების სამსახურის კომენტარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილზე

გრძელვადიანი კონტრაქტი

 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად:

 ,,გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არა უგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი”.

 

ანალიზი:

შესაძლებელია გრძელვადიანი კონტრაქტის მონაწილე სუბიექტებმა მომსახურების გაწევა დაუკავშირონ არა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისას მიღებულ მომსახურებას, არამედ ცალკეულ ეტაპებს, რომლის დროსაც აგრეთვე ხორციელდება მომსახურების მიღება. ამ დროს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ცალკეულ ეტაპზე მიღებული მომსახურების საკომპენსაციო თანხით.

გრძელვადიანი კონტრაქტისას, თუ მისი მოქმდების პერიოდში ადგილი არ აქვს მომსახურების გაწევის ფაქტს,  დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით და დასაბეგრი ოპერაციის მომენტი არის არა უგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. 

 

  ფაქტობრივი გარემოება IV :  2010 წლის 14 ივნისს დამკვეთმა საწარმო           X–მა  მშენებელთან საწარმო Y-თან გააფორმა სამშენებლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება სამი წლის ვადით.                                                               

ხელშეკრულება ითვალისწინებს 10-სართულიანი საოფისე ნაგებობის მშენებლობას. მომსახურების მთლიანი ღირებულებაა 10 000 000 ლარი.                      

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საოფისე ნაგებობის თითოეული სართულის მშენებლობის დასრულების შემდეგ დამკვეთის მიერ ხორციელდება დასრულებული საოფისე ნაგებობის სართულის ჩაბარება და შესაბამისი ანაზღაურების (1 000 000 ლარი) გადახდა.

შედეგი: მოცემულ პირობებში, უნდა ჩაითვალოს, რომ ცალკეული ეტაპის, კერძოდ,  საოფისე ნაგებობის თითოეული სართულის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საწარმო X-ისთვის მომსახურება გაწეულია და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მომენტს წარმოადგენს საოფისე ნაგებობის თითოეული სართულის მშენებლობის დასრულების მომენტი, მიუხედავად იმისა, დამკვეთი განაცხადებს თუ არა თანხმობას დასრულებული საოფისე ნაგებობის სართულის ჩაბარებაზე.         

 

ფაქტობრივი გარემოება V:  2010 წლის 15 თებერვალს დამკვეთმა საწარმო            X-მა  მშენებელთან საწარმო Y-თან გააფორმა სამშენებლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება სამი წლის ვადით.                                                               

ხელშეკრულება ითვალისწინებს 10-სართულიანი საოფისე ნაგებობის მშენებლობას. მომსახურების მთლიანი ღირებულებაა 10 000 000 ლარი.

2010 წელს მშენებელმა განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, რაზეც გასწია ხარჯი 1 000 000 ლარი, ხოლო საგეგმო პარამეტრებით მშენებლობის მთლიანი ხარჯი წარმოადგენს 8 000 000 ლარს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საოფისე ნაგებობის მთლიანად დასრულების შემდეგ დამკვეთი ჩაიბარებდა ნაგებობას.

შედეგი: ასეთ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება 2010 წლის 31 დეკემბერი, შესაბამისად, თუ საწარმო Y-მა მთლიანი ხარჯის (8 000 000 ლარი) 1/8 (1 000 000 ლარი) გასწია 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი მისაღები თანხის (10 000 000 ლარი) სწორედ 1/8 წარმოადგენს ზემოთ მითითებულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხას და ეს თანხა არის   1 000 000/8 000 000*10 000 000=1 250 000 ლარი.


ფაქტობრივი გარემოება VI:  ფაქტობრივი გარემოებები იგივეა, რაც ზემოთ მითითებულ მაგალითში, ამასთან, საგეგმო პარამეტრებით გათვალისწინებულმა ხარჯმა განიცადა კორექტირება და ნაცვლად 8 000 000 ლარისა შეადგინა 9 000 000 ლარი.

შედეგი: ასეთ შემთხვევაში საწარმო X დააზუსტებს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხას და აღნიშნული თანხა იქნება 1 000 000/9 000 000*10 000 000=1 111111.11 ლარი.

 


2017-07-25
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის სასჯელი მკაცრდება

2016-06-17
ვებ გვერდს პუბლიკაციებში დაემატა სტატია დაუსრებელი გადაწყვეტილების შესახებ

2016-06-06
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ ხდება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება

2016-06-02
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ და რა შემთხვევაში ხდება სახელისა ან/და გვარის შეცვლა.

2016-05-18
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა ნინო ჭოხონელიძის სტატია სავალდებულო წილთან დაკავშირებით.

სიახლეების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge