საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის კომენტარები

 

საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ განმარტებული იქნა  საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილი წარმოგიდგენთ აღნიშნული მუხლის კომენტარებს: 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილი

,,გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში“.

 

ანალიზი:

კონტრაქტი წარმოებაზე წარმოადგენს კონტრაქტს საქონლის წარმოებაზე (მომსახურების გაწევაზე), რომელიც ხორციელდება დამკვეთის ნედლეულით, მათ შორის, მისი დამზადება, გადამუშავება, დამუშავება, ან აღნიშნული ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი ტრანსფორმაცია, რომლის პროცესშიც როგორც ნედლეულის (მასალის), ისე საბოლოო პროდუქტის მესაკუთრე არის პირი, რომელმაც მიაწოდა ნედლეული (მასალა) და ფულადი ან ნატურალური ფორმით აანაზღაურა ამ ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება (მიუხედავად იმისა, წარმოებისას მწარმოებელმა გამოიყენა თუ არა საკუთარი ნედლეული (მასალა), მაკომპლექტებლები ან სხვა კომპონენტები, რომელთა ღირებულებაც ჩაითვალა ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულებაში).

კონტრაქტი მონტაჟზე წარმოადგენს კონტრაქტს მომსახურების გაწევაზე, როდესაც ხორციელდება ნებისმიერი დანადგარის, მოწყობილობის, აპარატურის ან სხვა საგნის სამონტაჟო საქმიანობა.

კონტრაქტი მშენებლობაზე წარმოადგენს კონტრაქტს სამშენებლო მომსახურების გაწევაზე, როდესაც შემსრულებლის მიერ მშენებლობა ხორციელდება დამკვეთის კუთვნილ მიწაზე, ხოლო ნედლეული შესაძლებელია იყოს როგორც დამკვეთის, ასევე შემსრულებლის.

ზემოთ მითითებულ საქმიანობებთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას  წარმოადგენს შინაარსობრივად მათთან დაკავშირებული მომსახურება.

მაგალითად, სამშენებლო საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას მიეკუთვნება საპროექტო, საინჟინრო, სამშენებლო ზედამხედველობის და სხვა მომსახურება.        

ხელშეკრულება გრძელვადიან კონტრაქტად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია ზემოთ მითითებული მომსახურება არ დასრულდეს იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება.                                                      

ამასთან, გრძელვადიან კონტრაქტად არ ჩაითვლება ხელშეკრულება, რომელიც, მართალია, არ სრულდება იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, მაგრამ სრულდება მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

 

ფაქტობრივი გარემოება I : საწარმო  X-მა  მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა  Y-თან. ხელშეკრულების შესაბამისად მშენებლობა  დაიწყო 2011 წლის  15  სექტემბერს  და უნდა დასრულდეს 2012 წლის 1 მარტს.

შედეგი: მოცემულ პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით   მშენებლობა  არ მთავრდება მისი დაწყების კალენდარულ წელს, იგი მაინც არ ჩაითვლება გრძელვადიან კონტრაქტად, ვინაიდან მშენებლობა დასრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში,  2012 წლის 1 მარტამდე, ანუ დაწყებიდან 6 თვეში .

 


2017-07-25
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის სასჯელი მკაცრდება

2016-06-17
ვებ გვერდს პუბლიკაციებში დაემატა სტატია დაუსრებელი გადაწყვეტილების შესახებ

2016-06-06
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ ხდება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება

2016-06-02
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა სტატია თუ როგორ და რა შემთხვევაში ხდება სახელისა ან/და გვარის შეცვლა.

2016-05-18
ვებ გვერდს "პუბლიკაციებში" დაემატა ნინო ჭოხონელიძის სტატია სავალდებულო წილთან დაკავშირებით.

სიახლეების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge